ახალი ამბები
მოქალაქე: ზუგდიდის ბოტანიკურში ყვავილების ნერგებს ორი ქალი იპარავს
მოქალაქე ნინო რაფავა სოციალურ ქსელში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გადაღებულ სურათებს აქვეყნებს. მისი განმარტებით, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები ბაღის ტერიტორიაზე ხშირად იმყოფებიან, რა დროსაც იქ დარგული მცენარეებისა და ყვავილების ნერგებს იპარავენ. 

"მეგობრებო, მე არ ვიცი ვინ არის ეს ორი ქალბატონი, იქნება თქვენ იცოდეთ და იცნობდეთ, პატარა ქალაქია ზუგდიდი და აქ მართლა ყველა ყველას იცნობს. ყოველ შემთხვევაში, მე ყოველ დილით დავრბივარ ზუგდიდის არაჩვეულებრივ, ულამაზეს და უკარგესად მოწყობილ ბოტანიკურ ბაღში და უკვე მერამდენე დილაა ეს ორი ქალი მხვდება. ისინი იღებენ ყვავილების ნერგებს ყველგან,სადაც შეუძლიათ. არც ერთ ქვეყანაში ბაღს, პარკს დაცვა არ ესაჭიროება! არცერთ ქვეყანაში მსგავსი სახით არ აყენებენ ზიანს საკუთარ ქონებას! არცერთ ქვეყანაში მსგავსი ქმედება (რამდენიმეჯერ განმეორებადი) მხოლოდ გაფრთხილებით არ ისჯება! იცნობდეთ ორ ქურდს, რომელიც ერთნაირად გვპარავენ ქონებას, თქვენ, მე, ჩვენს შვილებს და შთამომავლობას!

როგორც ნინო რაფავამ "ათინათს" უთხრა, მან ქალებს კითხვითაც მიმართა, რაზეც ისინი გაღიზიანდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"ფაქტობრივად, ყოველდღე დავდივარ ბაღში, ვვარჯიშობ. ფოტოები დილით გადავიღე, თუმცა ასეთ ფაქტს შევესწარი პარასკევს და შაბათსაც. წინა შემთხვევებშიც ეს ორი ქალი იყო. ძირიანად ამოაქვთ ყვავილების ნერგები და მიაქვთ. დაცვამ დაინახა და გააფრთხილა წინა დღეებში. დღეს მეც მივმართე კითხვით რატომ აკეთებდნენ ამას, მაგრამ ყვირილი დამიწყეს, რომ უზრდელი ვარ, მე ვინ მეკითხება და ა.შ. მივედი დაცვასთან, ვანახე სურათები. რამდენჯერ შეიძლება გააფრთხილო ასეთი ადამიანები? უნდა დააჯარიმო და შესვლაც აუკრძალო ! წესით, ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს დაცვა ჩვენს ბოტანიკურს, წარმოუდგენელია უბრალოდ რაც ვნახე", - გვითხრა ნინო რაფავამ.

ბოტანიკურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაღის ტერიტორიაზე მცენარეთა მოპარვის ან დაზიანების ფაქტები ხშირია და მომავალში ისინი პოლიციას მიმართავენ. 





Print