ახალი ამბები
მეუფე გერასიმე: ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ „ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებეთან დაკავშირებით, საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მონასტრების გარშემო არსებული ტყეების დაკანონების მიზანი მისი დაცვა და მომავალი თაობისთვის გადაცემაა.

“ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას.  ვხედავთ, როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიჩეხა დიდი საუნჯე, რომელიც ქვეყნის ფილტვებია. ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებოდნენ ტყეს და მომავალ თაობას ისე გადასცემენ, როგორც ჩაიბარეს“, - განაცხადა  მიტროპოლიტმა.

აღნიშნულ კანონპროექტს მოწინააღმდეგები ჰყავს. ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელიც თანასწორობის უგულვებელყოფაში გამოიხატება.

„საქართველოს ეპარქიას უცხოეთში აქვთ ისეთი პრივილეგიები, როგორც აქ, ჩვენს ქვეყანაში? იკითხეთ, როგორ არიან შევიწროებულები. საქართველო არის მაგალითი. საუბარია მონასტრებზე, რომლებიც ტყეშია. სხვა ვინ მოუვლის და დაიცავს იმ ადამიანებისგან, ვინც ხეებს ჭრის, ეკლესია ყველაზე ფიქრობს”,- აღნიშნა ეპარქიის მღვდელმთავარმა.

მიტროპოლიტმა გერასიმემ დღეს, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში აღავლინა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტი განიხილავს  “ტყის კოდექსში”შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე დაიკანონოს.





Print