ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს წევრსა და "წითელი ჯვრის" მოხალისეს გირაო შეეფარდათ
საკრებულოს წევრს და ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 1500 ლარის გადახდა დაეკისრა "წითელი ჯვრის" მოხალისეს დავით ღურწკაიას. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ორივე ბრალდებულისთვის 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 

როგორც ბათლომე შელიამ რადიო "ათინათს" უთხრა, სასამართლოს მომდევნო სხდომა 55 დღეში ჩაინიშნა. 

საქმე ეხება დეპუტატსა და სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ ინციდენტს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ ბათლომე შელიას და "წითელი ჯვრის" მოხალისეს დავით ღურწკაიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.- მ რ.ზ.- ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.- მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო. 
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: 

პროკურატურა სასამართლოს დეპუტატ ბათლომე შელიასთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

ზუგდიდელი აქტივისტი: დეპუტატს იმიტომ არ ვუჩივლე, რომ ამისთვის პოლიტიკური დატვირთვა არ მიეცა

ბათლომე შელია: ჩემთვის ბრალის წაყენება დამოკლეს მახვილია წინასაარჩევნოდ
Print