ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილების კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილების კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. 20-მდე მუშა კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვას ითხოვს. აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ 3 თვის ხელფასი არ აუღიათ და სწორედ ამიტომ დღეს გადაწყვიტეს, რომ დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულონ.

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩვენ ძირითადად „მალიარკაზე“ ვმუშაობთ და შესრულებული სამუშაო მალე გვაქვს ჩასაბარებელი. საუბარია ორ კორპუსზე...მხოლოდ ხელფასის მცირე ნაწილი - 240 ლარი ჩაგვირიცხეს, რომელიც არაფერში გვყოფნის და ვითხოვთ 3 თვის დავალიანების დროულად ჩარიცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობას არ გავაგრძელებთ“, - თქვა ერთ-ერთმა მუშამ ნიაზ ჩოკორაიამ.
.
3 თვის სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ კომპანიაში "რუმსი" და ამბობენ, რომ აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი აქვთ მისაღები.

"აღნიშნულ სამუშაოებს 2018 წლიდან ახორციელებს კომპანია "რუმსი", რომელიც არის ქვეკონტრაქტორი კომპანია "დაგის", დღეის მდგომარეობით კომპანია "დაგს" კომპანია "რუმსის" მიმართ არ გააჩნია არანაირი ფინანსური ვალდებულება და სრულად ობიექტზე პასუხისმგებელი აღნიშნულ მუშებთან არის კომპანია "რუმსი". რაც შეეხება მუშების მიერ მოთხვნილ დავალიანებას, ეს მოთხოვნა არ არის სამართლიანი და სწორი, რომ ორი თვის მანძილზე მათ არ აუღიათ სახელფასო ანაზღაურება. ჩვენს კომპანიაში ხელფასი გაიცემა ყოველი თვის დასრულების შემდგომ, მომდევნო თვის პირველ კვირაში. კომპანია "რუმსი" აღნიშნულ მუშახელთან დავალიანება აქვს დასაფარი მხოლოდ მაისის თვის. რა თქმა უნდა ყველა მუშახელი მიიღებს ივნისის პირველ კვირაში შესაბამის ანაზღაურებს, როდესაც მათ მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურდება, რომ შესრულებულია ხარისხიანდ და ჯეროვნად შესაბამისი სამსახურების დადასტურების შემდგომ", - განმარტავს "რუმსის" დამფუძნებელი არჩილ კობაიძე.

მშენებლობაზე დასაქმებულები დღეს მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

Print