ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია მიუსაფარი ცხოველების საკითხზე არასამთავრობო სექტორთან მსჯელობას გეგმავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უპატრონო ძაღლების პრობლემაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივ ვეტერინარებთან იმსჯელა. შეხვედრაზე განიხილეს ცოფის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, უპატრონო ცხოველები მოსახლეობას პრობლემას უქმნიან, ამიტომაც მიმდინარეობს მუშაობა თავშესაფართან დაკავშირებით. ცხოველთა თავშესაფარის პროექტირება ,,მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა“ დაასრულა, თუმცა თავშესაფრის მშენებლობამდე არსებული პრობლემის დროულად და ეფექტურად მოგვარებისთვის სახელმწიფო რწმუნებული უახლოეს მომავალში, უპატრონო ცხოველების პრობლემის განხილვას არასამთავრობო სექტორთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გეგმავს.

ვეტერინარებთან შეხვედრის დროს ასევე განიხილეს რეგიონში ე.წ. ,,ბეკერის ორმოს“ მოწყობის საკითხი. სახელმწიფო რწმუნებულმა სპეციალისტებს თემის დეტალური შესწავლა დაავალა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი მზადაა. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, თავშესაფარი 250 ძაღლზეა გათვლილი.


Print