ახალი ამბები
ზუგდიდის ოთხ სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაციის ლიმიტი მალევე შეივსო
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ზუგდიდის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლებში დარჩენილი ადგილები მალევე შეივსო. მათ შორის ყველაზე სწრაფად ამოიწურა ლიმიტი მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის 5 თავისუფალ ადგილზე. სკოლის დირექტორის, ნინო ბულიას განმარტებით არსებული 75 ადგილიდან 70 რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპებზე შეივსო.

"ძალიან დადებითია, რომ სკოლასთან რეგისტრაციის პროცესს არ აქვს შეხება - მშობლები თავად არეგისტრირებენ ბავშვს. სამი პარალელი გვქონდა, რაც 75 ადგილს გულისხმობს. პირველი ეტაპზე, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ცხადდება, 2 მოსწავლე დარეგისტრირდა, მეორე ეტაპზე კი მოგეხსენებათ, რეგისტრირდებიან ის პირველკლასელები, რომელთა და-ძმა უკვე სწავლობს ამ სკოლაში ან მშობელი არის სკოლის თანამშრომელი. სწორედ ამ ეტაპზე დარეგისტრირდა ყველაზე დიდი რაოდენობა და დაგვრჩა მხოლოდ 5 ადგილი, რომელიც ამ დილით წამებში შეივსო", - ამბობს ნინო ბულია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, მოხდება თუ არა მეორე სკოლაში კიდევ ერთი კლასის დამატება, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს სამინისტრო იღებს. 

30 წამამდე დროში შეივსო აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში დარჩენილი 31 ადგილიც. მისი დირექტორი, ნინო გოგინავა მიიჩნევს, რომ ეს მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

"რეკავენ, ნერვიულობენ მშობლები, ადამიანურად ძალიან ძნელია. მით უმეტეს, როცა მშობელი შენ გირჩევს, უნდა რომ შვილი მოგაბაროს, ამის შესაძლებლობა კი ამოწურულია, რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. თან ამას ვერაფრით ვშველით", - თქვა მან.

მისივე განმარტებით, პირველ სკოლაში კლასის დამატება არ იგეგმება, რადგან სასწავლო დაწესებულებას შესაბამისი სივრცე არ გააჩნია. 

35-40 წამში ამოიწურა მეოთხე საჯარო სკოლის ქართული სექტორზე გათვლილი 39 ადგილიც, რუსული სექტორის დაკომპლექტებამ კი 10 წუთამდე გასტანა. ამის შესახებ დირექტორმა ნათია ხუფაცარიამ რადიო "ათინათს" უთხრა.

"ფიზიკურად ვერ მოხდება კიდევ ერთი კლასის დამატება, რადგან რაოდენობა არ გვაქვს ოთახების. როგორც მე მითხრეს, რეგისტრაციის დაწყებიდან 35-ე წამზე უკვე ამოწურული იყო ჩვენი ადგილებიც", - თქვა მან. 

რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას, დირექტორის ლევან ღურწკაიას ინფორმაციით, 54 ადგილიანი ლიმიტი დაახლოებით 10 წუთში ამოიწურა. 

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
Print