ახალი ამბები
ენმ ზუგდიდის მერს კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. ენმ-ის წევრის ანა წითლიძის თქმით, ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ მერიის და კომპანია  m2 – ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. საუბარია ყინულის მოედნის ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.  ოპოზიციური პარტიის წევრი გეგა შენგელიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

„როგორც მოგეხსენებათ, m2-მა იყიდა ყინულის სახლის ტერიტორია და აიღო რამდენიმე ვალდებულება, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ გეგა შენგელიამ პირადი კორუფციული დაინტერესებით სატენდერო პირობები შეიცვალა და ხელშეკრულებაში ყველა ის ვალდებულება, რომელიც იყო, უკვე აღარ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდის ბიუჯეტმა უკვე იზარალა 300 ათასი ლარი. ჩვენი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ m2 -ს  არ გადააქვს ყინულის სახლი და ეს ხდება ადგილობრივი ბიუჯეტით. m2 ასევე არ აპირებს პროფესიული კოლეჯის აშენებას და ასევე ჩვენი ინფორმაციით, საერთოდ არ აპირებს ინვესტიციის განხორციელებას. იგეგმება ამ ტერიტორიის კვლავ გაყიდვა. ყველა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან და მერის პირად დაინტერესებასთან m2-თან“, - ამბობს წითლიძე.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ბრალდებებს მერმა გიორგი შენგელიამ თავად უპასუხა. მისი განმარტებით, შემოთავაზება, რომელიც აღნიშნულ კომპანიას თავდაპირველად ჰქონდა, სამოქალაქო სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ შეიცვალა და  ამით მუნიციპალიტეტმა გაცილებით უკეთესი ეფექტი მიიღო. მერი აბსურდულს უწოდებს ანა წითლიძის მიერ კომპანიის მხრიდან მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.


„თავდაპირველად აღნიშნული კომპანია შემოვიდა ინიციატივით, რომ ტერიტორია შეისყიდა სიმბოლურ ფასად, განახორციელებდა 8 მილიონის ინვესტიციას და ყინულის სახლს საკუთარი ხარჯებით გადაიტანდა. ამის შემდეგ მერიამ მოქალაქეებთან გამართა კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან, ასევე ოპოზიციურ პარტიებთან და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ქონება არა სიმბოლურ ფასად და არა საინვესტიციო ვალდებულებებით, არამედ შეფასებით გასულიყო აუქციონზე. ასეც მოხდა და აუქციონზე გაიყიდა და დაეკისრა 8 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელება. მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 30 თვეში უნდა დაიწყოს ინვესტიციის განხორციელება. მერიის ვალდებულებად კი დარჩა საკუთარი სახსრებით მოედნის დემონტაჟი. ამ ქმედებით ჩვენ გაცილებით მეტი ეფექტი მივიღეთ მუნიციპალიტეტისთვის, ვიდრე მივიღებდით იმ პირველი შემოთავაზებიდან“, - განმარტა მერმა.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული ყინულის სასახლის ბენდელიანის ქუჩაზე გადატანისთვის მზადება დაიწყო. შესაბამისი კონკურსი ზუგდიდის მერიამ გასულ თვეში გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „ვეგამ“ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. შესყიდვის ღირებულება 63 500 ლარს ოდნავ აღემატება.

აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² - მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია 80 ნომრიან საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმროს მშენებლობას გეგმავს და ამისთვის 8 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.


Print