ახალი ამბები
ჩხოროწყუში მდებარე საწარმო 100 ტონაზე მეტი დაფნის გადამუშავებას გეგმავს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფნის საწარმო "ჯუმითი 2014" პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, საწარმო სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და წელს 100 ტონაზე მეტი ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს, რომელიც სრულად ექსპორტზეა გათვლილი.

ჩხოროწყუში წარმოებული დაფნა უკრაინის და ჩინეთის ბაზარზე გადის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა.

„ჯუმითი 2014“- ს სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში არსებულ 600 -მდე მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული. დაფნის საწარმოში პანდემიის პერიოდში არსებულ სამუშაო პროცესს და კომპანიის გეგმებს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან, პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
Print