რეგიონი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა. მას ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელებული იყო ასევე ირინა იმერლიშვილი, თუმცა, მან საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება ვერ შეძლო.

მერაბ ტურავა 1964 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა.

1989–1990 წლებში სწავლობდა გერმანიაში, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის ფაკულტეტზე.

1990–1991 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი, ხოლო 1992–1997 წლებში ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი და სისხლისსამართლებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი. დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ.

არის არაერთი სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

Print