ახალი ამბები
იტალიაში გარდაცვლილი ზუგდიდელი ქალის ოჯახი ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებას ითხოვს
იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ოჯახის წევრები მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებისთვის დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მათი განმარტებით, ნინო ნაროუშვილი თურქეთის ავიახაზებს დღეს დილით, გამთენიისას უნდა ჩამოესვენებინა, თუმცა ცხედარი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა. მათივე თქმით, რეისთან ერთად მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია ჩამოვიდა. 

"ველოდებოდით დილის 6-7 საათზე რომ ჩამოასვენებდნენ მიცვალებულს. მერე თქვეს, რომ ვერ პოულობენ და არ არის გადმოსვენებულიო. სავარაუდოდ დაავიწყდათ ცხედრის გადმოსვენება. თავის გასამართლებლად თურქეთის ავიახაზებმა თქვეს, რომ ადგილი არ იყო. ვითხოვ საქართველოდან რომ დამეხმარონ და გადმოასვენონ დედაჩემი. ხუთშაბათამდე არ არისო რეისები, რეისები ყოველდღეა, უბრალოდ არ მოდის ჩვენამდე ინფორმაცია. დამეხმარონ, რომ ხვალ ან ზეგ მაინც გადმოვასვენოთ დედა, მივაბაროთ მიწას", - ამბობს გარდაცვლილის შვილი თათია გაბიჩვაძე. 

ზუგდიდელი ნინო ნაროუშვილი იტალიაში 4 ივნისს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
Print