ახალი ამბები
ზუგდიდში გამარჯვების ქუჩისთვის თენგიზ ცერცვაძის სახელის მინიჭების იდეა და ოპოზიციონერი დეპუტატის „წინადადება“
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩისთვის იმუნოლოგ თენგიზ ცერცვაძის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეს იდეა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.

„თუ იმას იტყვით, რომ ცოცხალი ადამიანის სახელს რატომ ვანიჭებთ, მაშინ კითხვა მაქვს, რატომ აქვს მინიჭებული საქართველოში ქუჩებს ისეთი ადამიანების სახელი, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან და უცხოეთში ცხოვრობენ. არ ვამბობ კანონი დავარღვიოთ, მაგრამ თუ ასეა და ეს უკანონოა, მაშინ გადავარქვათ ყველა ასეთ ქუჩას სახელი“, - აღნიშნა ფაცაციამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს „ალტერნატიული წინადადება“ შესთავაზა: „ბიძინას ამდენი ღვაწლი რომ აქვს, ერთი ქუჩა ბიძინასთვის ავარჩიოთ ზუგდიდში“, - თქვა მან.

„აბა, გიგა ბოკერიას სახელს ვერ მივანიჭებთ“, - ირონიითვე უპასუხა ფაცაციამ ოპოზიციონერი დეპუტატის წინადადებას.

ზუგდიდის საკრებულოს 2015 წლის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში (ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების შეცვლისას) ან/და ქუჩაზე (ქუჩის სახელწოდების შეცლა/გადარქმევის შემთხვევაში) ან ქუჩაზე მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაქეების 70%-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

Print