ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოსთან დაკავებული შშმ პირის ახლობლები აქციას მართავენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან ორი თვის წინ დაკავებული შშმ პირის ახლობლები მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. მათი მტკიცებით, დაკავებული უდანაშაულოა და მისი პატიმრობაში ყოფნა ბრალდებულის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზიშვილის ინფორმაციით, საქმეში დევს დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას დაკავებულთან პრეტენზია არ აქვს.

„საქმეშია დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებული, რომელშიც მომჩივანი ამბობს, რომ მომხდარი გაუგებრობაა, მას დაკავებულთან პრეტენზიები არ აქვს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. მისი პატიმრობაში ყოფნა უკვე უკანონობაა, რადგან არსებობს 2015 წლის დასკვნა, რომ ის არის შეურაცხადი და დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი. ჩვენ ვითხოვდით ხელახალი ექპსერტიზის ჩატარებას, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზებით არ ტარდება“, - თქვა კოჭლამაზიშვილმა.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერებით: "ლადო კრიმინალი არ არის", "საქართველოში შესაძლებლობებს ზღუდავენ და სხვა".

დაკავებულს ბრალი სს კოდექსის 19 პრიმა 137-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გაუპატიურების მცდელობს გულისხმობს. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული.

Print