ახალი ამბები
ხიბულადან იტალიაში წელს 45 ტონა ლოკოკინას გატანა იგეგმება  
ხობის სოფელ ახალ ხიბულაში გაშენებული ლოკოკინების ფერმიდან - „ნადი გრუპი“ წელს, ოქტომბერში იტალიაში 45 ტონაზე მეტი ლოკოკინას გატანას აპირებენ. ფერმის ხელმძღვანელის მერაბ ნადარიას თქმით, ეს მეორე მოსავალია, ხოლო მომდევნო 2 წელში მისი რაოდენობა 200 ტონამდე უნდა გაიზარდოს.

„ჩვენი მხარდაჭერით და კონსულტაციით საქართველოს მასშტაბით, 20-მდე ფერმა უკვე გააშენეს. საჯიშე ლოკოკინები ჩვენგან წაიღეს. მზად ვართ ნებისმიერ მსურველს დავეხმაროთ...ეს საქმე, როგორც აღმოჩნდა არის მომგებიანი და ჩვენი ქვეყნის გარემო პირობები ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა ლოკოკინების გასამრავლებლად“, - გვითხრა ნადარაიამ.

ფერმერის თქმით, პირველი მოსავალი შარშან აიღეს, მისი რაოდენობა 15 ტონას აჭარბებდა და უმეტესობა ექსპორტზე, იტალიაში გაიტანეს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1 860 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.




Print