რეგიონი
ზუგდიდის N1 და N12 სკოლების რეაბილიტაციისთვის 7,3 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N 1 და N 12 საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 7 332 141 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციაში აღწერილი ჩასატარებელი სამუშაოები სკოლების თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალურ ადაპტირებას გულისხმობს.

კერძოდ, N 1 სკოლის სამუშაოები ითვალისწინებს მთავარი შენობის რეაბილიტაციას, ახალი საპირფარეშოს ბლოკის მოწყობას, ახალი საქვაბე შენობის აგებას, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და ასევე წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟს.

ამასთან, შენობის შესასვლელებზე ახალი წინაფრები და თანამედროვე სტანდარტების პანდუსები უნდა მოეწყოს. ასევე, შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია შენობის ორივე სართულზე დამატებითი სველი წერტილების მშენებლობა.

ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება N 12 საჯარო სკოლას. იგეგმება, როგორც მთავარი შენობის შეკეთება, ასევე სველი წერტილების და ახალი საქვაბე შენობის მშენებლობა.

გარდა ამისა, დაგეგმილია შენობის ადაპტირება შშმ პირთათვის, რაც გულისხმობს ლიფტის მოწყობას, რომელიც იქნება შემინული და მიაშენდება შენობას. ასევე, შშმ პირებზე ადაპტირება, გულისხმობს სანიტარული კვანძების მოწყობას ყველა სართულზე.

აქ ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი ხელოვნური ბალახის საფარით და მოხდება მისი ინვენტარით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია წყლის სოკოს მოწყობა, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ტენდერში წინადადებების მიღება 24 აგვისტოს დასრულდება. მშენებლობა კი გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებიდან 10 თვეში უნდა დასრულდეს.

Print