ახალი ამბები
"წითელი ჯვრის" წარმომადგენლები ზუგდიდში COVID 19-თან დაკავშირებულ ვითარებას გაეცნენ 
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა სამუშაო ვიზიტით ზუგდიდში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას და მოსახლეობის საჭიროებებს.

გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა ზუგდიდის ფილიალის მოხალისეებთან.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და წითელი ჯვრის ფედერაციის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 200 ოჯახისთვის ჩამოიტანა სასურსათო და ჰიგიენური ამანათები. მინდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ უკვე შევძელით 100 000-ზე მეტი ამანათი დაგვერიგებინა ჩვენი მოხალისეების დახმარებით", - აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

მანამდე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, USAID-ის მხარდაჭერით, მესტიის მოსახლეობას 672 სასურსათო და 672 ჰიგიენური ამანათი გადასცა. ორგანიზაციის ინფორმაცით, ადგილობრივებს კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, მიეწოდებათ ინფორმაცია ჰიგიენის წესებისა და პროფილაქტიკური ზომების შესახებ.


Print