ახალი ამბები
ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობაზე 11,5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მისი მოწყობა ბენდელიანის ქუჩაზე, ყოფილი "კომკავშირის პარკის" ტერიტორიაზეა დაგეგმილი. პროექტი 11 567 656 ლარის ღირებულებისაა. აღნიშნული თანხა საქართველომ სესხის სახით, აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) პროექტის  "საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში მიიღო.
პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. ამასთან, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.
ტენდერში წინადადებების მიღება 26 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება. მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს.

Print