ახალი ამბები
„ბიძინას გაძევება ზუგდიდიდან“ - გიგი უგულავა კარიკატურებს გიორგი გახარიას დასახვედრად აკრავს
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ კარიკატურული პლაკატების - „ბიძინას გაძევება ზუგდიდიდან“ გაკვრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისივე თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის შტაბის წევრებმა მის საარჩევნო პლაკატებს ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს.

"დღეს ზუგდიდს სტუმრობს ბატონი გახარია და ვაჟბატონი ჩიქოვანის თანამედროვე კომკავშირის შტაბმა გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი მიეძღვნა. იქ, სადაც გახარია გაივლის ჩემს პლაკატებს გადააკრეს ბატონი ჩიქოვანის პლაკატები. ჯერ ბატონ ჩიქოვანს მინდა ვუთხრა: ძველი ქართული ფილმები მაინც ნახოს და უნდა იცოდეს, რომ „აქედან ვერ წაშლი“. სირცხვილია შევარდნაძის დროინდელი ტაქტიკით მუშაობა. ადრე, სადაც შევარდნაძე ჩადიოდა იქ აგებდნენ მხოლოდ გზას. ახლა გახარიას პლაკატები დაახვედრეს, თითქოს მე აქ არ ვარსებობ... ველურობაზე ველურობითვე არ ვუპასუხებ და ჩვენ აი, ამ პლაკატებით, რომელზეც კარიკატურულად არის გამოსახული ბიძინას გაძევება ზუგდიდან, დავხვდებით პრემიერ-მინისტრს“, - თქვა უგულავამ.



„ევროპული საქართველო“ მათი კანდიდატის პლაკატების დაზიანების გამო გეგმავს საჩივრით მიმართოს ზუგდიდის საოლქო კომისიას.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში იმყოფება. გიორგი გახარია თხილის ფესტივალში -,,თხილობა 2020“ გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ტარდება.
Print