რეგიონი
პოლიციამ სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი - 1979 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზუგდიდში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერებები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print