ახალი ამბები
„ლელო“: წარმოგიდგენთ ააიპ-ების იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ზუგდიდში ჩვენი შეხვედრის ჩაშლა სცადეს
“ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მომხდარში მმართველ პარტიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ ე.წ. ზონდერები „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლებმა მიუგზავნეს.  პარტიის ოფისში დაასახელეს ააიპ-ების ის თანამშრომლები და ხელმძღვანელები, რომლებიც, „ლელოს“ მტკიცებით, გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ.


„ეს ადამიანები არიან ააიპ-ების თანამშრომლები, რომლებიც ჩვენი გადასახდელების ხარჯზე აკეთებენ სხვა პარტიის პროვოკაციებს, ამ შემთხვევაში „ლელოსი“. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შემოვარდნენ ჩვენ ღონისძიებაზე. მოვახდინეთ მათი იდენტიფიცირება და ესენი არიან: როლანდ მაქაცარია - სპორტის ააიპ-იდან, ვახტანგ ზარანდია - ოცნების ტიტუშკა და ზვიადისტი, მადონა მაქაცარია - ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯაბა შენგელია -კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და ა.შ.  მე მინდა ვუთხრა „ოცნების“ პარტიას, კერძოდ მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს მეთოდები იყო 90-იან წლებში და ამ მეთოდებმა გახლიჩა საქართველო და ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია. ჩვენ ყოველი ასეთ ფაქტის იდენტიფიცირებას მოვახდენთ და ვამხელთ მათ...  მე ვარ ბიუჯეტის  ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილი შემავსებელი და ეს თანხა იხარჯება იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენოს ის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. არ გამოგივათ, არ გამოგივათ დაშინება. ასევე,  სამტრედიაში გუშინ საღამოს ჩვენი შტაბის უფროსის მანქანაც დააზიანეს, ასეთი ფაქტები გრძელდება...ვართ მობილიზებულები. ახლა არ დავასახელებ სუს-ის წარმომადგენლებს, რომელიც დაგვსდევენ...ეს ადამიანები არ არიან ზუგდიდის სახე, ეს ადამიანები არიან „ოცნების“ სახე“, - თქვა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ინციდენტი მოხდა. მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა. მათ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული მოძრაობის წევრების დევნაში დაადანაშაულეს და ასევე პრეტენზიები ჰქონდათ ხაზარაძის ბანკთან დაკავშირებით. თავის მხრივ, პარტიის მხარდამჭერებმა მათ ხელისუფლების მოგზავნილები უწოდეს. ადგილზე მისული იყვნენ სამართალდამცავები.
Print