ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიასთვის უფლებამოსილების დროებით შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა პარტიიდან ბესიკ დონაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მერიამ სამართალდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა, რადგან მერი ამავე დროს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის უფროსია. საუბარია გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატებისთვის მმართველი გუნდის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის პლაკატების გადაკვრაზე.

„შენგელიას მოუწევდა საკუთარი თავის დაჯარიმება, რადგან მან თავად გასცა ბრძანება, რომ ჩიქოვანის სააგიტაციო მასალა გადაეკრა უგულავა პლაკატებისთვის. შესაბამისად, მან თავისი აქტივი ვერ დააჯარიმა. მოვითხოვთ, შენგელიას შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგან ვერ ხდება კანონის აღსრულება და შენგელია არის მიკერძოებული“, - აღნიშნა დონაძემ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერი ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობას არ არღვევს, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირს აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული და ოპონენტების განცხადებებს ამომრჩეველზე მანიპულაციად მიიჩნევს. რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარვევას, შენგელიას თქმით, მერიის სამსახურებმა კანონდამრღვევის იდენტიფიცრება ვერ შეძლეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ განცხადება შემოვიდა მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ვერ დადგინდა პირიც, შესაბამისად, ფაქტის არარსებობის გამო ვერ დაჯარიმდა. მე, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, სრული უფლება მაქვს, ვიყო საარჩევნო კამპანიაში ჩართული და ეს ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად იციან“, - თქვა შენგელიამ.

რამდენიმე კვირის წინ, გიგი უგულავას მტკიცებით, მმართველი პარტიის კანდიდატის შტაბის წევრებმა მის საარჩევნო პლაკატებს ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს. მოგვიანებით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კარიკატურული პლაკატები - „ბიძინას გაძევება ზუგდიდიდან“ გააკრა.

Print