ახალი ამბები
აუცილებელია რუსეთის ბაზრის სტაბილური გახსნა - ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდში შეხვედრა გამართა
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერები ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდნენ. სკეიტ პარკში შეკრებილებს ნინო ბურჯანაძემ და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ამასთან, მათ ზუგდიდელებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების მხარდაჭერა. გამახსენდა, რომ 2003 წელს კამპანია დავიწყეთ სწორედ ზუგდიდიდან, ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკო იმავე პრობლემებზე, რაზეც ვლაპარაკობდი 10 წლის წინ და არცერთი მათგანი არ არის მოგვარებული. ამ ხალხს იმ პრობლემებზე ისევე სტკივა გული, როგორც მაშინ. მე ნამდვილად მინდა, რომ იმედი მივცე ჩემს სამეგრელოს, ზუგდიდს, ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ზუგდიდი აღარ იყოს ჩიხი, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ნამდვილად შეგვიძლია მოვიპოვოთ სწორი მართვით და პროფესიონალების სათავეში დაყენებით. რა თქმა უნდა, მინდა ვთხოვო მხარდაჭერა, რადგან მე მაქვს იმის ძალა და გამოცდილება, რომ ის პრობლემები, რაც ადამიანებს აქვთ, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაღების აუცილებლობა და რუსული ბაზრის სტაბილურად გახსნა, უვიზო რეჟიმის შექმნა, ამავდროულად აფხაზეთი და ოსეთიც ისევე მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის, როგორც ნებისმიერი კუთხისთვის - ამ პრობლემების წინ დაძვრა, შევეცდები ამაში ეს ადამიანები დავარწმუნო", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებიათ.
Print