ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ 28 პირს დაუდასტურდა 
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსზე 941 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ჟურნალისტებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უთხრა, ახალი შემთხვევებიდან 28 ზუგდიდში დაფიქსირდა.

"ზუგდიდში გვაქვს ახალი დადასტურებული შემთხვევა 28, აქედან 17 არის გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი, რომლებიც წალენჯიხაში მცხოვრების კონტაქტები არიან. 2 არის "ოქროს ბირჟის" კლასტერის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 არის ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი. 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში. დანარჩენ 4 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა", - თქვა თორიამ.

მისივე ცნობით რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა დღეის მონაცემებით 162-ს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 66 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 145 ადამიანი იმყოფება.
Print