ახალი ამბები
ზუგდიდში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათი დაკავება პოლიტიზებულია.


"ზოგადი მოთხოვნა რაც გაქვს, ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლო და პროკურატურა, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიზებული. რაც შეეხება ამ აქციის კონკრეტულ სათქმელს, ეს არის რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაკავებულ კარტოგრაფებს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის საქმე. ამ ადამიანების დაჭერით ხელისუფლება გვეუბნება, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც მას მოუნდება ბინძური პოლიტიკური თამაში, ნებისმიერი მოქალაქის დაკავება შეუძლია რაღაც საქმეების შეკერვით", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ალიკა კუპრავა კი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი, იმ ფონზე როდესაც მოსაზღვრე ქვეყანა ომში არის ჩართული, არაკეთილმეზობლურია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული წარმომადგენელი არჩილ თოდუა. 

"გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა. ასევე საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე. გარდა ამისა, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს", - აღნიშნა არჩილ თოდუამ.

გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნისათვის ქვეყნის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

Print