ახალი ამბები
საოლქო ენმ-ს ბრალდებაზე: გადასატანი ყუთების სიების შემოწმება საუბნო საარჩევნო კომისიებს ევალება
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, უბნებზე გადასატან ყუთში შესაყვანი პირების სია დაზუსტებული არ არის. როგორც მესხმა აღნიშნა, სიების დაკომპლექტების ბოლო ვადა 28 ოქტომბერია, შესაბამისად, მანამდე საუბნო საარჩევნო კომისიები ყველა განცხადებას განიხილავენ და გადაამოწმებენ.

"კენჭისყრის დღემდე სამი დღით ადრე წყდება მომართვიანობა გადასატანი ყუთების სიებთან დაკავშირებით , უბნები ეტაპობრივად ამოწმებენ ამ ხალხს და ბოლოს დააზუსტებენ. ახლა რაც არის, ეს არის სიის მსურველთა რაოდენობა. სიის შედგენა და გადამოწმება კი უბნის კომპეტენციაა და არა ოლქის", - აღნიშნა მესხმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საოლქო კომისიისგან გადასატანი ყუთების სიების გადამოწმებას ითხოვს. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნული სიები ისეთი ადამიანებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ჯანმრთელობისა და გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. გარდა ამისა, მისივე მტკიცებით კომისიის თავმჯდომარეები სიებს "ქართული ოცნების" აქტივისტებით აკომპლექტებენ. ასევე, ის ამბობს, რომ ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი პირის მონაცემებია შეტანილი.

Print