ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში ოპოზიციის მიმართ დესტრუქციულ ძალებს გიორგი გამსახურდია ხელმძღვანელობს
ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის მტკიცებით, ოპოზიციის მიმართ დესტრუქციულად განწყობილ ძალებს პირველი პრეზიდენტის შვილი ხელმძღვანელობს. წითლიძის თქმით, გიორგი გამსახურდია დავალებებს შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ლევან კაკავასგან იღებს. ამასთან, წითლიძე ამბობს, რომ მერიის ააიპ-ებში დასაქმებულ პირებთან ერთად ე.წ. კონსპირაციულ შტაბში შეხვედრებს "ქართული მარშის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავაც ესწრება.

"ეს არის დესტრუქციული ძალები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ იმით, რომ გვივარდებოდნენ ოფისში და შეხვედრაზე. ამ ადამიანებს გამსახურდიას 41-ში აქვთ საიდუმლო შტაბი და ხელმძღვანელობს გიორგი გამსახურდია ლევან კაკავას დავალებით. ეს ადამიანები მერიის ააიპ-ებში მუშაობენ და ხელისუფლებამ გადაწყვიტა არჩევნებამდე 15 დღით ადრე შეეკრიბა საიდუმლო შტაბში. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ადამიანის შვილი მონაწილეობს ამ ყველაფერში, რომლის ღირებულებების მატარებელი ვარ მეც და რომელმაც თავისუფლებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა თავი", - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, არანაირი კონსპირაციული შტაბი არ არსებობს და ეს მხოლოდ მხარდამჭერების შეკრების ადგილია. რაც შეეხება კაკავასა და გამსახურდიას, თორია მათ მონაწილეობას საარჩევნო აქტივობებში უარყოფს.

"შტაბის ხელმძღვანელი არის გეგა შენგელია, მისი მოადგილეები ვართ მე და დავით ვერავა. სხვა თანამდებობის პირების ჩართულობას შტაბის საქმიანობაში გამოვრიცხავ. უკვე ზღვარს გადადის მათი განცხადებები, რითაც, თითქოს, ტემპერატურის აწევას ცდილობენ. რაც შეეხება შტაბს, ეს არის მხარდამჭერების შეკრების ადგილი, სადაც გამოფენილია ფოტოები, დროშები და შეუძლებელია, საიდუმლო იყოს", - თქვა თორიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ხელისუფლებას მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავოს.

Print