ახალი ამბები
ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - საგანგებო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესამე დღეა სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, წვიმის გამო, გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები.

„ხანძარი ლატალის მიმდებარე ტყეში ლოკალიზებულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს - ბუჩქნარს, ეკალბარდს და ფოთლებს, რაც იწვევს დაკვამლიანებას“, - ამბობენ უწყებაში.

ლატალის ტყეში ხანძარი 18 ოქტომბერს გაჩნდა.

Print