ახალი ამბები
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 
ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, ნაცემი მამაკაცი დაზარალებულად ცნეს.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით ამ ეტაპზე თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
Print