ახალი ამბები
გახარია გორში მომხდარ ავტოავარიაზე: ხაზგასმით ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გორის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ მან ისანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გორის ავტობანზე წუხელ, გვიან ღამით ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11 მგზავრი. ტრაილერი, სავარაუდოდ, გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელსაც მგზავრები თბილისიდან ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქციიდან მოჰყავდა.






Print