ახალი ამბები
ზუგდიდის 89-ე უბანზე 40-მდე ამომრჩეველს მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტენები მისცეს
ზუგდიდის 89-ე უბანზე რეგისტრატორებმა ხმის მისაცემად მისულ 39 ამომრჩეველს მხოლოდ ერთი, მაჟორიტარული ბიულეტენი მისცეს. ადგილზე იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ბესიკ დონაძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

"კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება, ამომრჩეველზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი ბიულეტენი, მაჟორიტარული და არ გაიცემოდა პარტიული ბიულეტენი, ეს არის არჩევნების გაყალბება. 39 ამომრჩეველს არ მისცეს უფლება მიეცათ პარტიისთვის ხმა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - თქვა დონაძემ.

თავის მხრივ 89-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ზვიად კუტალია ამბობს, რომ რეგისტრატორებს პარტიული ბიულეტენების ამომრჩევლებისთვის გადაცემა გამორჩათ და შეცდომაზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ კითხვით მიმართა. 

"მოხდა შეცდომა, კომისიის არც ერთ რეგისტრატორს არ შეუმჩნევია. ამომრჩეველმა თქვა, ეს ერთი უნდა იყოსო? და მაშინ შევამჩნიეთ. მანამდე რომ ვინმეს ეთქვა აღმოვფხრიდით მალევე", - ამბობს კუტალია.  

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით მათ საჩივარი საოლქოში უკვე დაწერეს. 

Print