ახალი ამბები
ტყაიაში საარჩევნო უბანთან ე.წ ძველი ბიჭები არიან მობილიზებული - ადგილობრივები
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში, #71 საარჩევნო უბანთან ხალხმრავლობაა. უბანზე ამომრჩევლების რიგებია. სამართალდამცავები ადგილობრივებს რეკომენდაციების შესაბამისი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება საარჩევნო უბნის სიახლოვესაც.

ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების თქმით, უბნის გარშემო ე.წ. საეჭვო ადამიანები გადაადგილდებიან.

"აქ არიან მოძველბიჭო ელემენტები, "ოცნების" ხალხთან ერთად გადაადგილდებიან ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ამომრჩევლებზე", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

უბნის სიახლოვეს "ქართული ოცნების" პარტიული დროშაა გამოფენილი. 

ტყაიის საბავშვო ბაღის შენობაში განთავსებულ #71 საარჩევნო უბანზე სულ 977 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 526 ქალია, 451 კი კაცი.

Print