ახალი ამბები
ზუგდიდის #5 უბანზე ე.წ კარუსელი დატრიალდა - დამკვირვებელი
ზუგდიდის #5 საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლები ეჭვობენ, რომ აქ ე.წ კარუსელი დატრიალდა. როგორც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ნათია როგავა ამბობს, უბანზე იმყოფებოდა ადამიანი, რომელიც ხმის მიცემას ხელმეორედ, სხვისი პირადობით ცდილობდა. 

"როცა მივხდი რომ პიროვნება იყო სხვა, რა მოხდა არ ვატარებდით, ფიზიკური განსხვავება იყო ძალიან დიდი. ეს სულ სხვა პიროვნებაა-თქო ვუთხარი, დავაფიქსირებდითო რომ სხვისი პირადობით იყოო. ჩემი ვარაუდით, ეს იყო "კარუსელი", როცა გამოვთქვი პრეტენზია, უბნიდან გაძევება დამიპირეს", - ამბობს ის. 

აღნიშნულს ადასტურებს უბანზე მყოფი კიდევ ერთი დამკვირვებელი. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელი ტყუილში დაადანაშაულა. 

"ხელმეორედ ცდილობდა გაევლო რეგისტრაცია და გაეყალბებინა არჩევნები. დამკვირვებელმა გამოიჭირა და ამაზე თქვეს, რომ დაეკარგაო პირადობა, ნაციონალებმა ამოუღესო და სპეციალურად აკეთებთო ამას, ამიტომ დაუწერეს საჩივარი", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, მეხუთე უბნის კომისიაში ამბობენ, რომ ეს ენმ-ის მიზანმიმართული პროვოკაციაა და მათ დამკვირვებელი არაერთხელ გააფრთხილეს.

"ბევრჯერ მივუტევეთ, გაფრთხილება მივეცით, რომ გავაფორმეთ საჩივარი გაბრაზდნენ. ვიღაცამ იპოვა პირადობა, ეუბნება რეგისტრატორს ვისიაო და ამ დროს ნახეს ამათ. როგორ შეიძლება რეგისტრატორმა გააფორმოს აქ დაურეგისტრირებელი ამომრჩეველი? მიზანმიმართული პროვოკაცია რომელსაც ნაციონალები ცდილობენ. ჩვენი რეგისტრატორი ამას უბრალოდ არ იკადრებდა", - უთხრა ჟურნალისტებს კომისიის წევრმა ინეზა მურღულიამ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ჟურნალისტებს კი უბანზე არ უშვებენ.
Print