რეგიონი
პატარა ქრისტინას სახლი შეუძინეს
5 წლის ქრისტინა ფანჩვიძეს, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო, სახლი შეუძინეს. ამისთვის საჭირო თანხა „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელის სალომე ფაცაციას და ორგანიზაციის „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ თავმჯდომარის ანა ბაკურაძის ორგანიზებით შეგროვდა.

ქრისტინას ახალი სახლი მისსავე სოფელში, დიდ ჭყონში მდებარეობს. როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული სახლ-კარის შეძენის სურვილი ქრისტინას მამამ გამოთქვა.

„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ქრისტინასთვის თუნდაც ერთი ლარი გაიღო. სახლი 14 440 ლარად(4500$) ვიყიდეთ, მორჩენილი 5 775 ლარი კი ხელზე გადავეცით ქრისტინას მამას, კარ-ფანჯრების შესაკვეთად. სახლი რა თქმა უნდა სარემონტოა და ჩვენ კვლავ ვიზრუნებთ, რომ ხალხის დახმარებით მოვიძიოთ საჭირო თანხა ან ისეთი ადამიანი, რომელიც ქრისტინას სახლს გაურემონტებს. ჩვენ თანხა დიდი ხნის წინ შევაგროვეთ, თუმცა პანდემიის გამო და ასევე ალტერნატიული სახლის ძიებაში დრო გავიდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ამ სახლზე შევჯერდით“, - ამბობს სალომე ფაცაცია.

ქრისტინაზე პირველი ვიდეო, რომელშიც 5 წლის გოგონა ლეღვს ხინკალს ადარებს, ქრისტინა ფოცხორაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.  ამის შემდეგ რადიო „ათინათის“ ჟურნალისტებმა პატარა ქრისტინაზე და მის ოცნებებზე მასალა მოამზადეს, რასაც საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. პატარა გოგონას სურვილების ასახდენად თანხა ერთ კვირაში შეგროვდა.
Print