ახალი ამბები
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 4 ათასზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა
ზუგდიდის 109 უბანზე სულ 4 344 ბიულეტენია გაბათილებული. მათგან 2 251 პროპორციული სიის ბიულეტენია, 2 093 კი - მაჟორიტარულის. მონაცემები ამის შესახებ საბოლოო ოქმებშია გამოქვეყნებული.

როგორც ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა, გაბათილებული ბიულეტენების უმეტესობაში ამომრჩევლი ნება გამოხატული არ იყო.

"კონკრეტულად უბნებზე არ გვაქვს ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, გვაქვს ასე - 15, 20, 30... ეს არის კანონით გათვალისწინებული, რა შემთხვევაში არის ბიულეტენი ბათილი - ბათილია იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს ბეჭედი, ხელმოწერა ან ორივე ერთად. ასევე, თუ არჩევანი არ არის გამოკვეთილი. ანუ ჩვენ გვქონდა დიდი რაოდენობა ბათილი ბიულეტენების სადაც ამომრჩევლის ნება არ იყო გამოხატული, ეს თვითონ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაა. ძირითადი უმრავლესობა არის ასეთი", - აღნიშნა მესხმა.

დღეს საღამოს საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს.




Print