ახალი ამბები
საქართველოდან 57.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული
2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში ექსპორტზე 10 848 ტონა თხილი გაიტანეს, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით (38%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.4 მლნ აშშ დოლარით (48%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 131 ტონა), იტალიაში (2 124 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (311 ტონა), ბულგარეთში (300 ტონა), ესპანეთში (330 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

„ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), სომხეთი (527 ტონა), ბელარუსი (284 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), უკრაინა (176 ტონა), ალჟირი (173 ტონა), კანადა (136 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), იორდანია (38 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია“, - ამბობენ სამისნტროში.

ინფორმაციისთვის, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა 2016 წელს გავრცელდა და უდიდესი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურას, მათ შორის, თხილისა და სიმინსის მოსავალს.

Print