ახალი ამბები
შსს:პოლიციის ვარაუდით, ბადრი ესებუას ძმას მასთან ჰქონდა კონტაქტი - ამოღებულია ხელყუმბარები და საკვებიც (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, არსებობდა ვარაუდი, რომ დაკავებულს კონტაქტი ჰქონდა მის ძებნილ ძმასთან და მის მიმართ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა. ამავე ცნობით, ბიძინა ესებუას მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარები, ვაზნები, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და კვების პროდუქტები.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა - 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print