ახალი ამბები
ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთი ელექტრონერგიას რუსეთისგან იყიდის - ნათია თურნავა
სანამ ენგურჰესი გაჩერებული იქნება, აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან მიიღებს და  ხარჯებსაც დე ფაქტო მთავრობა თავად დაფარავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"რაც შეეხება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას, უკვე გავრცელდა ინფორმაცია აფხაზურ მედიაში, რომ ისინი იღებენ იმპორტირებულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც, პრაქტიკულად, მათი მხრიდან ხორციელდება. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ", - განაცხადა ნათია თურნავამ. გარდა ამისა, მან ენგურჰესის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ენგურჰესი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მაგრამ ეს ის სიმდიდრეა, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ის აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, შესაბამისად, მას სჭირდება პერიოდული რეაბილიტაცია. ბოლო ფართო მასშტაბიანი კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 2006 წელს, მას შემდეგ ეპიზოდური რემონტები იყო და ახლა დადგა დრო, მოხდეს მისი გვირაბის რეაბილიტაცია. დრო სპეციალურად შევარჩიეთ ზამთარში, რადგან ზამთარში იქ ისედაც დაბალია წყალი და ენგურჰესის გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ენგურჰესის გამომუშავება", - განაცხადა თურნავამ.

11 დეკემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზური ენერგოსისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდება".

ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება 2021 წლის 15 - 20 იანვარს დაიწყება, რა დროსაც ჰესი დროებით სრულად გაჩერდება და შესაბამისად, აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ჰესის ფუნქციონირება 10 მაისისთვის აღდგება.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ენგურჰესის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 96 მილიონი ლარი იქნება, განხორციელების შედეგად კი, სადგურის წლიური ხარჯი 47.9 მილიონი ლარიდან 24 მილიონ ლარამდე შემცირდება, 15-წლიან პერიოდში კი, რეაბილიტაციის მიერ მოტანილი სარგებელი 264 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

ამავე თემაზე: 

ენგურჰესის გაჩერება, მაინინგი, რუსული ელექტროენერგია, - სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ცდილობს
Print