ახალი ამბები
მესტიის მერია მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვისკენ მოუწოდებს
„ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი ხაიშის ქვესადგურზე", - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხაიშის ელექტროსადგური ავარიის ზღვარზე მუშაობს და მესტიელებს ელექტროენერიის ეკონომიური ხარჯვისკენ მოუწოდებს.

"აღნიშნული ელექტროსადგური ამ დროისთვის მუშაობს ავარიის ზღვარზე, არსებობს მისი დაზიანების და მწყობრიდან გამოსვლის მაღალი ალბათობა, რაც ისედაც რთულ პერიოდში, როცა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვიმყოფებით, მოსახლეობის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას გამოიწვევს.

მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გამორთეთ ყველა ის მოწყობილობა რომელიც არ არის საჭირო ყოველდღიური მოხმარებისთვის და მოახდინეთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა", - ვკითხულობს მერიის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

2020 წლის დასაწყისში "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებდნენ, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მათივე განმარტებით, დენის მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ის კრიტიკულად გაიზარდა.

უფრო ადრე მესტიის მერიამ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების საგანგაშო მაჩვენებელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

განცხადების თანახმად, დენის გაოთხმაგებული ხარჯი შეუძლებელია საყოფაცხოვრებო მოხმარებისგან იყოს გამოწვეული. აქვე ნათქვამი იყო, რომ, ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია “ბიტკოინების” აპარატების (მაინერი) მუშაობა.

სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. გადასახადი მხოლოდ მეწარმეებზეა დაწესებული. ბიტკოინების მწარმოებელი აპარატები სწორედ კერძო სახლებში აღმოაჩინეს.
Print