რეგიონი
სამეგრელოში ხანძრის 77-დან, მხოლოდ 3 კერაა დარჩენილი - საგანგებო
500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აქედან, სამეგრელოში 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
რაჭაში - 2 კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში 1 კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში 18 კერიდან, ყველა ლიკვიდირებულია.

გურიაში 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.

"კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, ხანძარს აქრობენ მრტვილში, წალენჯიხასა და ზუგდიდის სოფლებში.

Print