ახალი ამბები
გალში ხანძარი ლიკვიდირებულია - აფხაზეთის "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური" (ვიდეო)
გალის რაიონში 5 იანვრის დღის მეორე ნახევარში გაჩენილი ხანძრის კერები ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სოფლებში სიდა და ზემო ბარღები ცეცხლის ქრობის პროცესში გალის სამაშველოს მეხანძრეები სოხუმიდან, აგუძერადან და ოჩამჩირედან ეხმარებოდნენ.

"სიდასა და ზემო ბარღების მიდამოებში თბილი ამინდი და ქარი ხელს უწყობს ხანძრის სწრაფ გავრცელებას. ხანძრები ლიკვიდირებულია და მსხვერპლი არ ყოფილა, სახლები და საცხოვრებელი კორპუსები არ დაზიანებულა. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუდმივად აკვირდებიან ხანძრის გავრცელებას რესპუბლიკის ყველა რეგიონში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, ამ ეტაპზე გალის რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია და თითქმის აღარაა აქტიური კერა, თუმცა, არის საშიშროება სადმე იყოს დარჩენილი და ისევ გაჩნდეს. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ და კომუნიკაცია ჭირს. ზარალი დიდია და ბევრი რამ დაიწვა სამწუხაროდ", - გვითხრა მან.

საინფორმაციო სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ტყის ხანძარია გუდაუთაში. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ალხას კირთბაიას ცნობით, ცეცხლი სოფელ მცარაში გაჩნდა და მალევე გადაედო სოფელ ფსირცხას. ამ ეტაპზე მისი თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საჭიროა სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც უწყებას არ გააჩნია.
Print