ახალი ამბები
სამეგრელოში ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლოკალიზებულია
ხანძრის 4 კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია წალენჯიხაში, სოფელ სქურში არსებულ ორ კერაზე და სოფელ ფახულანში. ხოლო სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

ქვეყნის მასშტაბით 500 მეხანძრე-მაშველი დარჩენილ კერებს სრულად აკონტროლებს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნული კერების მონიტორინგი, აქტიური სამუშაოები კი გათენებისთანავე განახლდება. მოსახლეობას საფრთხე არცერთ კერაზე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში არავინ დაშავებულა.

4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 255 ლიკვიდირებულია 4 ლოკალიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.
Print