ახალი ამბები
ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჯიმში განახლდება
დიდ ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდის სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

"2021 წლის 18 იანვარს იწყება 2020-21 წლის მეორე სემესტრი. ეს სემესტრი დაიწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურ ფორმატში განახლდება. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლას სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში.

მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ჰიგიენური სანიტარიის კუთხით მხარდაჭერა და ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვა სკოლები. მომზადებული ხვდება ყველა სხვა სკოლა სემესტრის განახლებას და ყველა ეს სკოლა საკლასო ოთახში დაიწყებს სასწავლო პროცესს", - განმარტა დგებუაზემ.

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს "სილქნეტთან", შპს "მაგთიკომთან" და შპს "ვიონი საქართველოსთან" (ბრენდი "ბილაინი") ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით", -აღნიშნა მან.

"დისტანციური სწავლების" პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.




Print