ახალი ამბები
ხვალ და ზეგ ზუგდიდში მოთოვს - სინოპტიკოსები
19-20 იანვარს სინოპტიკოსები ზუგდიდში თოვლს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ საღამოდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, რაც მომდევნო დღეებში თოვლში გადაიზრდება.

"უკვე დაწყებულია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში სიცივის შემოსვლა. დღეს ტემპერატურის კლება გაგრძელდება, რაც შენარჩუნდება 21 იანვრამდე. ამიტომ, მოსალოდნელია წვიმის თოვლში გადასვლა, განსაკუთრებით ამ საღამოდან. სუსტი თოვაა მოსალოდნელი და ყინვები გაძლიერდება 21-23 იანვარს", - უთხრა რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში ღამით ზუგდიდსა და მის შემოგარენში შესაძლებელია დაფიქსირდეს ყინვა -6 დან -4 გრადუსამდე. დღისით კი ტემპერატურა 0-დან 2 გრადუსამდე იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 22 იანვრიდან ვარაუდობენ.

ფოტო: თემურ ბართავა
Print