ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის პროექტის ცვლილება ბიუჯეტს 350 000 დაუჯდება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შესატანად ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 მილიონიანი პროექტის მოდიფიკაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებები ეხება, როგორც მთავარ, ისე სათადარიგო მოედანს. გასაწევი მომსახურება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობის საავტორო ზედამხედველობაც დაევალება.

ტენდერში წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ინფორმაციისთვის, სტადიონის პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპისთვის კი 10 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

Print