ახალი ამბები
შს მინისტრი: ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საქართვლოშია და მის საპოვნელად და დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

"ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს, ეს ჩვენ გვინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა.

მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა.

შს სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მკვიდრი ბადრი ესებუაა. უწყებამ იდენტიფიცირებული პირის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო, გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდში პოლიციამ 12 დეკემბერს დააკავა. სამართალდამცავი უწყება “საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ის, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაშია.

Print