ახალი ამბები
ენგურის ხიდზე პატიმარ ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის წევრებმა ენგურის ხიდზე ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართეს. ამასთან, შეკრებილებმა მისი პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.

"გვინდა ჩვენს მთავრობას ამ პრობლემაზე ყურადღება გავამახვილებინოთ. არ შეიძლება ხელისუფლება ასეთი გულგრილობით ეკიდებოდეს თავისი მოქალაქის ბედს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპყრობილეში ზის. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სულ არ ნიშნავს ადამიანების ბედთან მოთმინების პოლიტიკას. ასე, რომ საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, მთელ ძალისხმევას უნდა ხარჯავდეს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიდნენ ციხიდან და დაუბრუნდნენ სამოქალაქო ცხოვრებას", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ნინო გოგუაძემ.

ინფორმაციისთვის, გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ირაკლი ბებუას, რომელმაც "აფხაზური" დროშა დაწვა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში "გამარჯვების დღეებს" ზეიმობდნენ. ის გალში გასული წლის 30 სექტემბერს დააკავეს.
Print