ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. 

ამ დრომდე დიასამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მან თანამდებობაზე ავთანდილ გალდავა შეცვალა, რომელიც აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს. 

"პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დიასამიძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას 2018-2019 წლებშიც იკავებდა. ის გალდავამ გასული წლის ოქტომბერში ჩაანაცვლა, რომელიც იმ დროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
Print