ახალი ამბები
მანდარინის ექსპორტმა ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის მაჩვენებლების მიხედვით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019-2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.6 ათასი ტონა), სომხეთსა (8.9 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

Print