ახალი ამბები
როდიდან და რა ტარიფით მოუწევს ზუგდიდის მოსახლეობას წყლის საფასურს გადახდა
ზუგდიდის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა წყლის  გადასახადის ქვითარი მიიღო. აბონენტებს არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, უნდა გადაიხადონ თუ არა ქვითარზე ასახული თანხა. რადიო "ათინათი" სიტუაციის გასარკვევად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზუგდიდის სერვისცენტრს დაუკავშირდა.

სერვისცენტრის ხელმძღვანელის დავით ფოცხვერია ამბობს, რომ მოსახლეობას წყლის საფასურის გადახდა 1 მარტიდან მოუწევს. რაც შეეხება ქვითარს, რომელიც მოსახლეობამ მიიღო, ფოცხვერიას განმარტებით, გადასახადი განულდება, რადგან ამ თანხის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, მ³ წყლის საფასური 0,42 ლარია, ხოლო ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი 0.08 ლარს შეადგენს. საბოლოოდ, მოსახლეობას 0,50 ლარის გადახდა მოუწევს.

"წყლის სისტემის მშენებლობა დასრულდა, 58 ათასი მრიცხველია დამონტაჟებული. წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია. ყოველდღიურად იწმინდება და მოწმდება", - აღნიშნა ფოცხვერიამ.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და სამუშაოებისთვის 94 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო წყალარინების პროექტის განხორციელებას 84 მილიონზე მეტი მოხმარდა. ორივე პროექტი აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.


Print