ახალი ამბები
მეუფე გერასიმე აფხაზი მღვდელმსახურის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აფხაზი მღვდელმსახურის ბერასიონ აპლიას განცხადებას იმასთან დაკავშიებით, რომ „აფხაზური ეკლესიის“ სტატუსი გაურკვეველია, არასერიოზულს უწოდებს. მეუფის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აპლიამ რუსეთის პატრიარქს ამ თხოვნით მიმართა, რუსეთის ეკლესია მათ არანაირ სტატუსს არ მიანიჭებს.

„არავითარი კანონიკური ქმედება არ შეიძლება ჩატარდეს ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში. შეუძლებელია, აპლიას წერილზე რეაგირება გააკეთოს რუსეთის ეკლესიამ, რადგან ეს არის არასერიოზული. არასერიოზულად მიგვაჩნია, განსაკუთრებით, დიდმარხვის პერიოდში, როცა ადამიანები ამ დროს იწყებენ მარხვას, ლოცვას, ეკლესია დაკეტო, ეს არასწორია. ადგილზე ე.წ. ხელისუფლებმა და სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ, ასეთ პირთან რამე კავშირი უნდათ თუ არა.

რაც შეეხება ტაძრების გადაკეთებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაცებს, ჩაერიონ ამ საკითხის მოგვარებაში, ჩვენი ეკლესიის მიმართვა არ ჰყოფნის, არ ვიცით, რატომ იკავებენ თავს და არაა რეაგირება, რადგან ეს არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ჩვენგან ყოველთვის იქნება ადეკვატური რეაგირება“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

19 თებერვალს დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის პატრიარქს მიმართა, რომ მან „აფხაზურ ეკლესიას“ მიანიჭოს სტატუსი, რადგან მათ არ სურთ იყვნენ ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში, რადგან აპლიას თქმით, ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. მისივე განცხადებით, საკითხის გადაწყვეტამდე აფხაზეთში მღვდელმსახურება მხოლოდ ერთ ტაძარში ჩატარდება.
მას უპასუხა საქართველოს საპატრიარქომაც და განცხადება სიცრუედ და ფაქტების დამახინჯებად შეაფასა.

Print