ახალი ამბები
ზუგდიდის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 62-ვე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეფერხებების გარეშე დაიწყო. მანამდე, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ხათუნა თოლორაის თქმით, ყველა აღმზრდელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მომავალშიც პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება.  მისივე ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებში დღეს გამოცხადებულ არც ერთ ბავშვს მაღალი ტემპერატურა არ უფიქსირდებოდა და შესაბამისად ყველა მათგანი დაუშვეს.

„ამჯერად კვება 3000 ბავშვზე გვაქვს გათვალისწინებული. აღმზრდელების ნაწილი ამ ეტაპზე არ გამოცხადდა, შესაძლოა ამის მიზეზი კორონავირუსი იყოს, ალბათ მშობლები იკავებენ თავს. თუ ბავშვების რაოდენობამ მოიმატა რა თქმა უნდა შევიტანთ დამატებით კვებას“, - აღნიშნა თოლორაიამ.

მუნიციპალიტეტის ბაღებში სულ 4 280 ბავშვი ირიცხება.

სამეგრელოს მასშტაბით მოქმედი 262 სახელმწიფო და 26 კერძო ბაღიდან, 12-ში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა. კერძოდ, 3-ში ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, ხოლო დანარჩენში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

Print